Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვაშინგტონის მხარდაჭერის დადასტურებად შეფასდა აშშ-ის ახალი ბიუჯეტი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ დასტურად აფასებს სპეციალურ ჩანაწერებს აშშ-ის 2019 წლის ბიუჯეტში.

დოკუმენტის თანახმად, ამერიკის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

საბიუჯეტო კანონით, შეუძლებელია დაფინანსების გამოყენება ოკუპაციის მხარდასაჭერად. აშშ-ის ხაზინამ შესაბამისი ინსტრუქცია უნდა მისცეს საფინანსო ინსტიტუტებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ დაფინანსებას ნებისმიერი იმ პროგრამისა, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია ეს ჩანაწერი შეაქვს საკანონმდებლო აქტში, რაც საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ფარგლებში გათვალისწინებულია არანაკლებ 275 მილიონი დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარების და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, აშშ-ის ბიუჯეტით, წელს საქართველოსთვის გამოიყო 127 025 000 მილიონი დოლარი, რაც 22 მილიონით მეტია წინა წლის დაფინანსებაზე.

XS
SM
MD
LG