Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სირიაში ორასამდე სამხედროს დატოვებს


შეერთებული შტატები სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შემდეგ ქვეყანაში გარკვეული დროით დატოვებს ამერიკელი მშვიდობისმყოფელების მცირე ჯგუფს, 200 სამხედროს შემადგენლობით - ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა. მან ვაშინგტონის გადაწყვეტილება ახსნა სირიაში მშვიდობის დაცვით.

განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეთანხმდნენ სირიაში უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელებაზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ სირიიდან გაიყვანს 2000-ივე ამერიკელ სამხედროს. ტრამპმა მიზეზად ის დაასახელა, რომ სირიაში დაამარცხეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო.“

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. ტრამპს განზრახვა დაუწუნეს არა მხოლოდ დემოკრატმა, არამედ თანაპარტიელმა რესპუბლიკელმა პოლიტკოსებმაც.

აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვა ქვეყნები.

ტრამპის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ სირიიდან ამერიკელი სამხედროების მთლიანად გაყვანის შემდეგ თურქეთის პირისპირ დარჩებიან შეერთებული შტატების მოკავშირე შეიარაღებული ქურთების რაზმები და გარდა ამისა, სირია მთლიანად რუსეთს და ირანს დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG