Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვმა ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური ანატოლი ბიბილოვი გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ოღონდ იმ პირობით, რომ თბილისი ხელს მოაწერა მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ან პირდაპირი გზით ან შუამავლების დახმარებით. ჩვენ, ცხადია, გვსურს, რომ პირველ რიგში, ეს შუამავალი რუსეთი იყოს. თუმცა, ჩვენს მხარეს აქვს ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. ისევ და ისევ საუბარია მემორანდუმზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო იღებს ამ ვალდებულებას მსოფლიოს საზოგადოების წინაშე ამ მემორანდუმით და რომ არ გამოიყენებს საომარ ძალებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. სანამ ეს პირობა არ შესრულდება, ჩვენი შეხვედრის შემთხვევაშიც კი, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვექნება“, - აცხადებს ბიბილოვი გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვართან არ წყდება პროვოკაციები საქართველოს მხრიდან, რაც სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებს დისკომფორტს უქმნის.

მისი თქმით, ჯერ ზამთარია და საზღვართან შედარებით სიმშვიდეა, თუმცა წვრილ-წვრილი პროვოკაციები მაინც ხდება, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა სასაზღვრო ბოძთან მისვლა და აბრის ჩამოგდება - ამბობს ბიბილოვი.

„სამწუხაროდ, მშვენივრად ვიცით, ეს პროვოკაციები 180 გრადუსით როგორ იცვლება და შემდეგ როგორ შუქდება დასავლურ მედიაში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყველაფერს ვაფიქსირებთ“, - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა გამოცემასთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG