რუსეთის ქალაქებში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა კრემლის კრიტიკოსის და ყოფილი ვიცე-პრემიერის, 2015 წელს მოკლული ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობებში.
აქიები რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ნემცოვის მკვლელობის მეოთხე წლისთავის წინ. მის მკვლელობას მოჰყვა საერთაშორისო დაგმობა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რაოდენ სახიფათოა კრემლთან დაპირისპირება რუსებისთვის.
ნემცოვი პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს იყო ვიცე-პრემიერი. ის მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ცდილობდა სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციური მოძრაობის შექმნას. ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.
აქციები გაიმართა მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში. კიროვის და ვლადივოსტოკის ადმინისტრაციებმა არ გასცეს ამგვარი აქციის გამართვის ნებართვა. მოსკოვში გაიცა ნებართვა მაქსიმუმ 30 000 ადამიანის მონაწილეობაზე.