Accessibility links

ჯეიმი ოლივერისგან პასუხი მოვიდა


ცნობილი ბრიტანელი შეფმზარეულის, ბლოგერის და კულინარიული ტელეშოუების წამყვანის, ჯეიმი ოლივერის ქართველი ფანების დიდი მონდომების მიუხედავად, ის საქართველოს არ ეწვევა.

ჯეიმი ოლივერისგან პასუხი მოვიდა - ცნობილ კულინარს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს.

​მან საქართველოში ჩამოსვლის თხოვნა ოფიციალურად მიიღო. მოწვევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გავლით, კულინარიული ბლოგის ავტორებმა არჩილ ზამბახიძემ და ქეთი პაპავამ (Katy & Acho Cooking) გაუგზავნეს.

ისინი ჯეიმი ოლივერის არასამთავრობო ორგანიზაციის, “Food Revolution Community”-ს წარმომადგენლებიც იყვნენ საქართველოში. ეს ორგანიზაცია ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ (Katy & Acho Cooking), ​გადავწყვიტეთ, რომ მაინც გვეცადა და ჯეიმი ოლივერი საქართველოში მოგვეწვია. მივწერეთ და ვთხოვეთ, ეცნობებინა ის ფინანსური თუ ტექნიკური მოთხოვნები, რაც მისი ჩამოსვლის შემთხვევაში უნდა დაგვეკმაყოფილებინა, მაგრამ უარი მოგვწერეს - ერთ კვირაში დაგვიბრუნდა ჯეიმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წერილი, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს და საქართველოში ვერ ჩამოვაო“, - უთხრა არჩილ ზამბახიძემ რადიო თავისუფლებას.

ოფიციალურ წერილში ჩამოუსვლელობის მიზეზებზე მეტი არაფერი წერია, თუმცა, არჩილი ფიქრობს, რომ ცნობილმა შეფმზარეულმა, ალბათ, ამ ეტაპზე, განვითარებად ქვეყანაში ჩასვლისგან მაინც თავი შეიკავა. თუმცა, არჩილი დარწმუნებულია, ჯეიმი ოლივერმა რომ იცოდეს, რა ტექნოლოგიებს ვიყენებთ საქართველოში, ალბათ, აუცილებლად დაინტერესდებოდაო.

ჯეიმი ოლივერის ქართველ გულშემატკივრებს მისი საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და იმედი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ჯეიმი ოლივერმა მისსავე ოფიციალურ ფეისბუკვერდზე იკითხა, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ურჩევდნენ წასვლას.

ამ პოსტის ქვეშ კი რამდენიმე წამში ათობით ქართველის კომენტარი გაჩნდა, რომლებიც ცნობილ კულინარს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG