ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შეხვედრას მართავს 20 ოპოზიციური პარტია, რომელთა მიზანი საარჩევნო სისტემის შეცვლაა - კერძოდ კი, მილიონი ხელმოწერის შეგროვება და 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებაზე, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება.
„დღეიდან ვიწყებთ ხელმოწერების იმ სიმახინჯის შესაცვლელად, რასაც მაჟორიტარული სისტემა ჰქვია და რც ხელისუფებას მანდატების მოპარვის საშუალებას აძლევს, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
ოპოზიციას საქართველოს კონსტიტუციური პროექტის ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება, თუმცა ისინი მილიონი ხმის შეგროვებას გეგმავენ დ მათ ამისთვის ოთხი თვე აქვთ.
მამუკა კაციტაძის განცხადებით, ეს მილიონი ხელმოწერა იქნება ის დოკუმენტი, რომლითაც ოპოზიცია ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის ხმას გააგონებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, საქართველოს მოქალაქეებს მობეზრდათ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, ამიტომ მას ხალხის მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარება:
"იმ 35 დეპუტატიდან, რომლებსაც სიცოცხლეში არ ჩაურთავს მიკროფონი და თავის ბიზნეს-ინტერესების ლობირების გარდა არაფრით არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომლებიც ხელისუფლებამ ადგილზე ტომის ბელადად დასვა. ყველა ხედავს, რომ 28 წელია, დავდივართ ერთ მოჯადოებულ წრეზე", - განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შემდეგ კი, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლისთვის განხორციელდეს, ამ ეტაპზე ვერ შესრულდება.