ხვალიდან, პირველი მარტიდან, დედაქალაქში მოძრავი ტაქსებისთვის მძღოლებს ორი სახის ვაუჩერები გადაეცემათ - ერთი ვაუჩერი სატრანსპორტო საშუალების გადაღებისთვის, ხოლო მეორე, ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდისთვის.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მარტიდან იწყება ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მანქანების ვიზუალურ სტანდარტიზაციას გულისხმობს:
„ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge და შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ რეფორმაზე,”- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, დასახელებულ ვაუჩერებს მიიღებენ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ტექნიკური დათვალიერება აქვთ გავლილი.