Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლიბერთი ბანკი" "ქართუ ბანკის" შესყიდვას გეგმავს


BMG-ის ინფორმაციით, ლიბერთი ბანკი ქართუ ბანკის ყიდვას გეგმავს. "ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის თქმით, შესყიდვის სქემა საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე გააცნეს.

თუ ირაკლი რუხაძე ექსპრემიერის მიერ დაფუძნებულ ბანკს შეისყიდის, ლიბერთის აქტივების ზომა დღეს არსებული 1.85 მილიარდი ლარიდან 2.95 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. შედეგად ბანკი საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომის 7.5%-ს მოიპოვებს და "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" შემდეგ, ბაზრის მესამე უმსხვილესი მოთამაშის ადგილს განიმტკიცებს.

"ლიბერთის" მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ბანკის წმინდა მოგებამ 52,001,428 ლარი შეადგინა, რაც პრაქტიკულად 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლის ტოლია.

რაც შეეხება "ქართუ ბანკს", მისი აქტივების ზომა 1,100,264,310 ლარს შეადგენს, 2018 წლის წმინდა მოგება კი 17.5 მილიონი ლარი იყო, რაც 2017 წლის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია. ბანკის 100%-იან წილს ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი ფლობს.

ლიბერთი ბანკის ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი უმსხვილესი მეწილეები არიან:

  1. ირაკლი ოთარ რუხაძე - 25.01%;

  2. ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 25.00%;

  3. იგორ ალექსეევი - 25.00%.

სწორედ ეს პირები არიან ამავდროულად, ჰოლდინგური კომპანია Hunnewell Partners-ის მეწილეები, რომელიც დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და უცხოეთში მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის უმსხვილეს აქტივებს განკარგავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიბერთი ბანკი ქართუ ბანკის შეძენით იყო დაინტერესებული, 2018 წელსაც გავრცელდა. მაშინ ირაკლი რუხაძე ამბობდა, რომ ქართუს ყიდვა ძალიან სურდა, თუმცა გარკვეული სამუშაოები იყო ჩასატარებელი, რომელიც შესაძლოა 2 თვეში დამთავრებულიყო, ან 2 წელი დასჭირვებოდა.

XS
SM
MD
LG