Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები კიდევ ერთხელ შეეცდებიან პარლამენტის ინფორმირებას


ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დღეს მოუსმენენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.

საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარე გამოძიებას, რომელიც ეხება „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.

საქმეში ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი.

ხაზარაძე და ჯაფარიძე აცხადებენ, რომ ფინანსური ოპერაცია, რომელსაც პროკურატურა იძიებს სრულიად კანონიერი იყო და ეჭვი „ფულის გათეთრების“ შესახებ აბსურდულია. მამუკა ხაზარაძემ ბოლო ხანს არაერთხელ თქვა, რომ დისკრედიტაციის და ზეწოლის კამპანია მიმდინარეობს, თუმცა, ვისგან არ დაუკონკრეტებია.

„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები 26 თებერვალს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მონაწილეობით უნდა განხილულიყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, თუმცა, ფორმატის მიმართ უმრავლესობის და ოპოზიციის განსხვავებული მიდგომის გამო, განხილვა ვერ შედგა.

პროკურატურის გამოძიების საგნად ქცეული ფინანსური ოპერაციის გამო, საქართველოს ერვნულმა ბანკმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის მოტივით, „თიბისი ბანკი“ მილიონი ლარით დააჯარიმა და აქციონერთა კრებას მიმართა, სამეთვალყურეო საბჭოდან გაეწვია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ეროვნული ბანკის ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული, თუმცა, 21 თებერვალს „თიბისი ბანკმა“ განაცხადა, რომ მოთხოვნებს ასრულებს და ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ დავას წყვეტს.

XS
SM
MD
LG