გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა. ამის მიზეზი ფრაქციიდან ერთ-ერთი წევრის ირმა ამბარდნიშვილის გასვლა გახდა. საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამი წევრისგან შედგებოდა.
ირმა ამბარდნიშვილის თქმით, ფრაქციიდან წასვლა მან წლების განმავლობაში, პარტიის ადგილობრივი ლიდერის მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო გადაწყვიტა:
„დაუფასებლობა და უნდობლობა გახდა ჩემს მიერ ფრაქციის დატოვების მიზეზი. თუ დააკვირდებოდით არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვაქტიურობდი. ამ ყველაფერს ბადრი ბასიშვილი ერთპიროვნულად წყვეტდა. ახლაც იმიტომ შეშფოთდნენ, რომ ხელფასებს კარგავენ ჩემი გადაწყვეტილებით“.
ფრაქციის თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობები საკრებულოში ანაზღაურებადი პოზიციებია. ამბარდნიშვილის მიერ ამ ფრაქციის დატოვების გამო კი „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი საკრებულოში უხელფასოდ დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ირმა ამბარდნიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას არ გეგმავდა, 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ის პარტიიდან გარიცხეს.
ირმა ამბარდნიშვილი საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად გააგრძელებს საქმიანობას.