უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ ამსტერდამის „აიაქსი“ და ლონდონის „ტოტენჰემი“.
„აიაქსს“ მერვედფინალში, პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 1:2 ჰქონდა წაგებული მადრიდის „რეალთან“ და თითქოს მეოთხედფინალის საგზურის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ესპანეთში 4:1 დაამარცხა ლიგის მოქმედი ჩემპიონი.
„ტოტენჰემმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისში სამბურთიანი სხვაობით (3:0) მოგების შემდეგ, გერმანიაშიც აჯობა - 1:0.
ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი საპასუხო შეხვედრა დღეს გაიმართება. „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. „პორტუ“ – „რომას“. პარიზელებს პირველი თამაში სტუმრად 2:0 აქვთ მოგებული. „პორტუ“ კი სამი კვირის წინ რომში 1:2 დამარცხდა.