Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინზე იხუმრეთ სამზარეულოში - რუსეთში ხელისუფლების საჯარო დაცინვა დასჯადი ხდება


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც დასჯადი ხდება ხელისუფლების ორგანოების, სახელმწიფო სიმბოლიკისა და საზოგადოების მისამართით გაკეთებული უპატივცემულო გამონათქვამები, ასევე „ფეიკ ნიუსნების“ გავრცელება.

კანონის ტექსტის თანახმად, ინფორმაცია, რომელიც დასჯადი ხდება, ხელისუფლების აშკარა უპატივცემულობის გარდა შეურაცხყოფას „უნდა აყენებდეს პიროვნების ღირსებას და საზოგადოებრივ მორალს.“

ხოლო ხელისუფლების უპატივცემულობის შემცველი პოსტების გამოქვეყნება გაუთანაბრდება წვრილმან ხულიგნობას.

პირველი ასეთი პუბლიკაციისათვის გამოცემას ემუქრება ჯარიმა 30-100 ათასი, განმეორების შემთხვევაში 200 ათასი რუბლის ოდენობით ანდა პატიმრობა 15 დღე-ღამით. შემდეგ ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს 300 ათას რუბლამდე ანდა დაისაჯოს უფრო ხანგრძლივი პატიმრობით.

თავის მხრივ, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისათვის, რუსი კანონმდებლები გამოდიან წინადადებით, რომ მოქალაქე დაჯარიმდეს 200 ათასი, ხოლო იურიდიული პირი - ნახევარი მილიონი რუბლის ოდენობით.

წინა დღით, კანონპროექტის მეორე განხილვის დროს, მიღებული იქნა „შემამსუბუქებელი“ შესწორება, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას უფლებას აძლევს ოპერატიულად წაშალოს „ფეიკური“ ცნობა და ამით თავიდან აიცილოს დაჯარიმება.

აღნიშნულ კანონპროექტს აკრიტიკებენ რუსი ჟურნალისტები და უფლებათდამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ მისი მიღება ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. სახელმწიფო სათათბიროში ინიცირებულია კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ინტერნეტის მსოფლიო ქსელიდან რუსეთის სეგმენტის გათიშვას ითვალისწინებს.

კვირას მოსკოვში გაიმართება სანქცირებული მიტინგი ამ საკანონმდებლო ცვლილების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG