Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ინკასატორების დაყაჩაღებაში ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს


ზუგდიდის რაიონული სასამართლო
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

„ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო. ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით, ორი პირი 6 მარტს დააკავა. ერთ-ერთი მათგანი, ომარ ხუბუა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2 მარტს, ზუგდიდში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. მიითვისეს ბანკის ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათ პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით ბრალდებულებმა ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია გატაცებული ფული და იარაღი. ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე, 143-ე და 237-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და იარაღის გატაცებას გულისხმობს. საქმის არსებითი განხილვა 15 აპრილს ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG