Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 კატეგორიის მოქალაქეებს ფულადი ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებენ


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, ფულადი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან 6 კატეგორიის ფიზიკური პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და მათ მიმართ შესაბამისი დადგენილება არ აღსრულებულა. მაგალითად, დაჯარიმდნენ მუნიციპალური ავტოტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;

ასაკით პენსიონერები;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;

მარტოხელა მშობლები;

დევნილები;

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანხმად, შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული თანხები, რომელთა ამოღება ამ ეტაპზე ისედაც პრაქტიკულად უპერსპექტივო ჩანს. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 26 086 საქმიდან 16 940 271.34 ლარი, ასაკით პენსიონერების 2 410 საქმიდან 1 891 593.1 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 2 196 სააღსრულებო საქმიდან 1 469 339.72 ლარი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის 1 215 საქმიდან 666 381.21 ლარი, მარტოხელა მშობლების 134 სააღსრულებო საქმიდან 54 568 ლარი და დევნილთა 6 099 საქმიდან 2 644 383.18 ლარი.

განმარტებით ბარათში კანონპროექტის ინიცირების მიზნად დასახელებულია ამ კატეგორიის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესება, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა და მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავი მათ მძიმე ტვირთად აწვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG