Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე ადასტურებს, რომ პროკურატურაში პირველი გამოკითხვისას გახარია არ უხსენებია


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პროკურატურაში მისი პირველად გამოკითხვის დროს არ უთქვამს, რომ მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

ხაზარაძემ გახარია საჯაროდ პირველად ახსენა 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ხაზარაძემ მაშინ ისიც თქვა, რომ მუქარის წერილის მიღებაზე 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, პროკურატურაში გამოკითხვისას ისაუბრა, რაზეც გამომძიებლებს რეაქცია არ ჰქონიათ. 4 მარტს, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ გამოკითხვის დროს მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარია არ უხსენებია.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, შეკითხვას, პირველი დაკითხვისას რატომ არ უთხრა გამომძიებელს, რომ მუქარის წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა: „იმიტომ, რომ მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია. როდესაც პროკურატურას ეუბნები, რომ ხარ ორკესტრირებული შემოტევის ობიექტი, იღებ მუქარის წერილს და კითხვას არ გისვამენ... ამიტომ ეს მე შემდგომისთვის დავიტოვე.“ შეკითხვაზე კოზირად? ხაზარაზე ამბობს, რომ ის არავის ეთამაშება

„ვამბობ იმას, რაც არის. მთავარი საკითხი იყო ფულის გათეთრების თემა და ამიტომ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული. მეორედ გამოკითხვისას პროკურატურაში მკითხეს, ეს წერილი ვინმეს თუ გააცანიო. მე ვუთხარი, ჩემს ორ თანამშრომელს-მეთქი. დაინტერესდნენ, არჩევნების მეორე ტურის წინ გავრცელებული განცხადება როდის დაწერეო. ვუთხარი, როგორც კი მუქარის წერილი მივიღე, დავიწყე განცხადების წერა, რომ მეორე დღესვე გამევრცელებინა. ამასთან, მუქარის წერილი გავაცანი ბიზნესასოციაციის წევრებს და დავუსახელე მათი ვინაობა-მეთქი. ამის შემდეგ მეორე დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და ამ საკითხს სვლა არ მიეცემა. ეს ნორმალურია?!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის შესახებ საჯარო განცხადების შემდეგ, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. პროცესის დასრულების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ განმარტებები გააკეთა და გამოძიებას გადასცა წერილის ასლი, ორიგინალი კი ლონდონში, ექსპერტიზისთვის გაგზავნა.

6 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძისგან მიღებული ასლი და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა.“

პროკურატურის განცხადებითვე, „აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.“

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შუამავალს მისი თანხმობის გარეშე ვერ დაასახელებს. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო, ხაზარაძე აცხადებს: „კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახლა ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. თუ რამეს ვამბობ, ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. დაველოდოთ ექსპერტიზასა და მოვლენების განვითარებას.“

„კვირის პალიტრის“ შეკითხვას, აქვს თუ არა იმედი, რომ ლონდონის ექპერტიზის ბიურო დაადაგენს წერილის რეალური ავტორის ვინაობას და მაგალითად, იპოვნის გახარიას თითის ანაბეჭდებს, ხაზარაძემ უპასუხა: „მარტო თითის ანაბეჭდებზე არ არის ლაპარაკი, ექსპერტიზა ბევრ რაღაცას იტყვის. დაველოდოთ შედეგს.“

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მუქარის წერილის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებას ტყუილს და ჭორაობას უწოდებს.

XS
SM
MD
LG