Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინედინ ზიდანი „რეალს“ დაუბრუნდა


მადრიდის „რეალს“ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და წარმატებული მწვრთნელი „სამეფო კლუბს“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და უკვე კონტრაქტიც გააფორმა - 2022 წლის 30 ივნისამდე.

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ წარუმატებლობების გამო, სანტიაგო სოლარი დაითხოვა. მადრიდელები მიმდინარე სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „ამსტერდამის „აიაქსთან“ 1:4 წაგებით. ასევე ნაადრევად დაასრულეს ესპანეთის თასზე გამოსვლა. ესპანეთის ჩემპიონატში კი ფინიშამდე თერთმეტი ტურით ადრე, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებენ და ლიდერ „ბარსელონას“ თორმეტი ქულით ჩამორჩებიან.

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ 2016-2018 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

„ჩვენს კლუბში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაბრუნდა“ - ასე შეაფასა ტრანსფერი „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა. ზინედინ ზიდანმა კი თქვა, რომ მისი მთავარი მიზანია, „რეალი“ იქ დააბრუნოს, სადაც ეს დიდი გუნდი იმსახურებს ყოფნას.

XS
SM
MD
LG