Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ მძევლების აყვანასა და ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულები დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალზე 8 მარტს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასა და ორი ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული ორი პირი, მესამე კი იძებნება.

შსს-ს განცხადებით, „ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ.”

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს და მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს, ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობითვე, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, ბრალდებულებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. „პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.”

შსს-ს ინფორმაციით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

XS
SM
MD
LG