Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში უკვე მესამედ დააკავეს რთე/რთ-ის კორესპონდენტი სანია ტოიკენი


ყაზახეთში კვლავ დააკავეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სანია ტოიკენი, რომელსაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

ტოიკენმა 12 მარტს უთხრა რთე/რთ-ს, რომ ის ადგილობრივ სასამართლოში მიიყვანეს მას შემდეგ, რაც წინა საღამოს პოლიციელებმა დააკავეს ქალაქ ჟანაოზენის ერთ-ერთ კაფეში.

ეს არის ბოლო რამდენიმე კვირაში ტოიკენის დაკავების უკვე მესამე შემთხვევა. მას მოზრდილი ჯარიმა ან ხუთ დღემდე პატიმრობა ემუქრება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მართლაც არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას.

ტოიკენი აშუქებს ჟანაოზენის მკვიდრთა საპროტესტო გამოსვლებს სამუშაო ადგილების მოთხოვნით. წინა ორ შემთხვევაში ის მოკლე ხნით დააკავეს და დაუსვეს შეკითხვები საპროტესტო აქციების ასახვის შესახებ.

აქტივისტმა ღალიმ აღელეუოვმა 12 მარტს ტვიტერში დაწერა, რომ დემონსტრანტები შეიკრიბნენ ჟანაოზენის პოლიციის სათავო ოფისთან ტოიკენისა და დილას დაკავებული რამდენიმე დემონსტრანტის გათავისუფლების მოთხოვნით.

ყაზახეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჟანაოზენში საპროტესტო განწყობის კონტროლს მას შემდეგ, რაც 2011 წლის დეკემბერში სამართალდამცველებმა 16 ადამიანი მოკლეს ნავთობმრეწველობაში დასაქმებულთა აქციის დარბევისას.

ტოიკენს 2017 წელს ერგო ქალთა მედიის საერთაშორისო ფონდის პრემია „ჟურნალისტური გამბედაობისათვის“.

XS
SM
MD
LG