Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგრატიონების სასამართლო სხდომა დასრულდა


12 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე მოუსმინეს ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს. მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი „გვერდითი შტოს“ წარმომადგენელია და „ის არ შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ მემკვიდრედ“.

“დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ალბათ არ იცის, საიდან მოუაროს და დააყენოს ეჭვქვეშ მათი წარმომავლობა, იმიტომ, რომ თვითონ ნამდვილად არ არის ამ ძირითადი ხაზის წარმომადგენელი. დავის დაწყების მიზანი კონკრეტულად რა არის, არ ვიცი. ალბათ, უნდა, რომ ნამდვილად აღიარონ ბაგრატოვანთა სახლის წინამძღოლად", - განაცხადა ოთხმეზურმა.

დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე 12 მარტის სხდომაზე ითხოვდა ისტორიკოს მანანა ხომერიკის დაკითხვას. მისი თქმით, ხომერიკს არქივში აღმოჩენილი აქვს დოკუმენტები, რომლითაც ეჭვქვეშ დგება ანა ბაგრატიონის სამეფო წარმომავლობა. სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ჩხეიძემ.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დავით ბაგრატიონი, ხოლო ანა ბაგრატიონს სასამართლოში მისვლისას კომენტარი არ გაუკეთებია.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 აპრილისთვის დაინიშნა.

XS
SM
MD
LG