Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შეაჩერა ბოინგ 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების მიმოსვლა


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, დროებით შეწყდა ბოინგ 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების მიმოსვლა.

გადაწყვეტილების საფუძველია ამ სახეობის თვითმფრინავების კატასტროფა ეთიოპიასა და ინდონეზიაში.

ეთიოპიაში 10 მარტს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო გასული წლის ოქტომბერში, ინდონეზიაში ავიაკატასტროფამ შეიწირა 189 ადამიანის სიცოცხლე.

ბოინგ 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების ექსპლუატაციის შეჩერებას დათანხმდა მათი მწარმოებელი ამერიკული ავიაკონცერნი „ბოინგი.“ მან შესაბამისი რეკომენდაცია გაუგზავნა აშშ-ის ფედერალურ საავიაციო სააგენტოს.

კომპანია აცხადებს, რომ სრულიად დარწმუნებულია ამ ტიპის თვითმფრინავების უსაფრთხოებაში, მსოფლიოს მასშტაბით მათი მიმოსვლის დროებით შეჩერება მხოლოდ სიფრთხილის ზომაა და მიზნად ისახავს საავიაციო საზოგადოების დამშვიდებას.

„ბოინგი“ აღნიშნავს, რომ ყველაფერს აკეთებს ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარი ავიაკატასტროფების მიზეზის დასადგენად. ავიაკონცერნის ინფორმაციით, ამჟამად ექსპლუატაციაშია ბოინგ 737 MAX-ის ტიპის 371 თვითმფრინავი.

მათი მიმოსვლა დროებით აკრძალა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG