Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიუტი ოცნება: შოთა ადამაშვილი და მისი მუსიკა


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

თბილისის ქუჩებში წლებია დადის ახალგაზრდა კაცი, კავბოის ქუდით დაჩექმებით, მხარზე მოკიდებული გიტარით და გულღია ღიმილით. ერთი შეხედვით, ის შეერთებული შტატებიდან, ვთქვათ ტენესის, ტეხასის ან ოკლაჰომის რომელიმე პატარა ქალაქიდან ჩამოსული გეგონებათ. მაგრამ ის შოთა ადამაშვილია - 30 წლის ქართველი მუსიკოსი.

შოთა ქანთრის სტილში უკრავს, მღერის და სიმღერებსაც წერს - ოღონდ ამ მუსიკას უბრალოდ კი არ ასრულებს, მისით ცოცხლობს. შეერთებულ შტატებში შოთა არასოდეს ყოფილა. თინეიჯერობაში, მშობლიურ ბოლნისში უყურა ერთ ფილმს კავბოების შესახებ - და თავად გადაიქცა განსხეულებად იმ იდეალების თუ ესთეტიკისა, რომლებსაც „ამერიკას“ ვუკავშირებთ ხოლმე. მისი იმიჯი ძველი ამერიკის ცოტა რომანტიზებული სახეა. მაგრამ შოთა თვლის, რომ სწორედ ამ იმიჯთან გადაჯაჭვული პრინციპები - სადა ცხოვრების სტილი, პატიოსნება, მუყაითობა, უსამართლობასთან ბრძოლა და გიტარის რამდენიმე აკორდით გადმოცემული დიდი ადამიანური ტკივილი - არის ის იდეალები, რომლებიც ამერიკის კონტექსტს სცდება და უნივერსალურ ადამიანურ განზომილებას ატარებს.

შოთა ადამაშვილი და სალომე ასათიანი
შოთა ადამაშვილი და სალომე ასათიანი

თავისი ამერიკული ოცნებისადმი ეს ჯიუტი, უკომპრომისო ერთგულება შოთას ხელს არ უშლის, ძალიან აქტიურად იყოს ჩართული საქართველოს ცხოვრებაში. მას ხშირად ნახავთ სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, ის და მისი ძმა, თორნიკე, მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ საყდრისის აფეთქებისთვის.

ქანთრის ისტორია განუყოფელია საკუთრივ ამერიკის ისტორიისგან. ის შეერთებული შტატების სამხრეთში, ადრეულ 1920-იან წლებში წარმოიშვა. მისი ფესვები მოდის ამერიკელ მუშათა კლასიდან,რომლებმაც პოპულარული მელოდიების, ირლანდიური მოტივების, ტრადიციული ინგლისური ბალადების, კავბოების სიმღერების ნაზავი შექმნეს. ამერიკული მუსიკის ისტორიკოსები წერენ, რომ ქანთრი ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობისთვის დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებდა, რასაც ბლუზი - შავკანიანებისთვის. ორივე ჟანრი სოფლების და პატარა ქალაქების სიღარიბეში შეიქმნა და მკაცრი რასობრივი სეგრეგაციის და შავკანიანთა სასტიკი ჩაგვრის პირობებში ბევრი რამ აკავშირებდა ერთმანეთთან, როგორც საკუთრივ მუსიკის, ისე თემატიკის თვალსაზრისით. ბლუზიც და ქანთრიც გატეხილ გულებს, სიღარიბეს, უსამართლობას, დავიწყებულ და ხელმოცარულ ადამიანებს უმღეროდა.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

ქანთრის შესახებ ბევრი სტერეოტიპი არსებობს - უწინარესად ის, რომ ქანთრი კონსერვატიული თუ კონსერვატორთა მუსიკაა - ტრადიციების დამცველი, სიახლის მიმართ ჩაკეტილი ხალხის მუსიკა, რომლებიც მარტივი მელოდიებით მისტირიან გაფუჭებულ სატვირთო მანქანებს თუ სხვა კაცებთან გაქცეულ ცოლებს. მაგრამ ქანთრის ისტორიისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ ეს სტერეოტიპი დაინგრეს. სწორედ ქანთრიმ წარმოშვა ჯონი კეში, უილი ნელსონი, მერლ ჰაგარდი - ბუმბერაზი, ნონკონფორმისტი, უსამართლობასთან და ჩაგვრასთან მებრძოლი ფიგურები. და სწორედ ქანთრიმ მისცა ხმა ისეთ ძლიერ ქალებს, როგორებიც არიან პეტსი კლაინი, დოლი პარტონი, ლორეტა ლინი და ბევრი სხვა.

​მოკლედ, ქანთრის, როგორც ჟანრის ისტორია ძალიან მდიდარია და მრავალფეროვანი. და, როგორც ყველა კულტურულ მოძრაობას, ქანთრისაც ჰყავს თავისი ტრადიციული ცენტრი, სუბკულტურები, კონსერვატორები, დისიდენტები, მეამბოხეები, პოეტები და, რა თქმა უნდა, კომერციაზე მიყიდული ფიგურებიც.

ჯაზისგან, როკისგან, ბლუზისგან, ან დღეს უკვე ე.წ. ელექტრონული მუსიკისგან განსხვავებით, ქანთრის, როგორც ჟანრს, საქართველოში ნაკლები მსმენელი ჰყავს. მაგრამ შოთას კონცერტზე თუ მიხვალთ, აუდიტორიაში აუცილებლად ნახავთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს სტილი შოთასავით იზიდავთ და ხიბლავთ. პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში ასეთ ახალგაზრდებსაც შეგახვედრებთ და ქანთრის მუსიკის ისტორიასაც მოგიყვებით მოკლედ. მაგრამ გამოშვების მთავარი სტუმარი, ცხადია, თავად შოთა ადამაშვილია - ქანთრის ქართველი მუსიკოსი, რომელიც თავისი ცხოვრების სტილით ჯიუტად გვაჩვენებს, რომ ადამიანებს შეგვიძლია ვუერთგულოთ ოცნებებს, პრინციპებს და იდეალებს - რაოდენ რთულიც უნდა იყოს ეს.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG