საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წევრთან ოლიკო შერმადინთან სიტყვიერი შელაპარაკებისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს „შავრაზმელ“ „შავმაიკიანები" უწოდა.
ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვენებისას სამოქალაქო სექტორი დაადანაშაულა საზოგადოებაში დამახინჯებული აზრის მიზანმიმართულ გავრცელებაში, რომ თითქოს მას აქვს გავლენები სასამართლო ხელისუფლებაზე.
ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. „კლანი“ არასამთავრობო სექტორში აქვთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რადგან ორგანიზაციას სასამართლოს ხელისუფლებასთან მიმართებით თავად გააჩნია ინტერესები, კერძოდ, კი ანა ნაცვლიშვილის უზენაეს სასამართლოში განწესებასთან დაკავშირებით.
ვანო ზარდიაშვილმა მესამე სექტორს „შავრაზმელები“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით მან აღნიშნული ფრაზის გამოყენების გამო ბოდიში მოიხადა.
„ჰკითხეთ „შავრაზმელ“, „შავმაიკიანებს“, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან. რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-ში. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან ან საია-ს წარმომადგენლებიდან,“, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილს, მის მიერ ნახსენები ფრაზის, გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.
„ბატონმა ვანო ზადიაშვილმა, შესვენების დროს შეურაცხყოფა მიაყენა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ეძახა - „შავმაიკიანი შავრაზმელი". მოვითხოვ, რომ მოიხადოს ბოდიში“.
ელენე ხოშტარიას პასუხად ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ის იტყუება, თუმცა განმარტა, რომ თავისი გამონათქვამის გამო ბოდიში უკვე მოიხადა.
„ცალსახად იტყუება, ქალბატონი ელენე, ფრაზასაც იტყუება. რაც შეეხება „შავმაიკიანს“ გასაუბრების დროს, ვუპასუხე, რომ „ამ ფორმით არ უნდა მეთქვა და ბოდიში - მეთქი“ და ქალბატონო ელენე თქვენც ბოდიში“, - უპასუხა ვანო ზარდიაშვილმა ელენე ხოშტარიას.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონს განიხილავს.