Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოიუბ ტიტიევს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ჩეჩნეთის სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების უფროსს, ოიუბ ტიტიევს, რომელიც დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების შენახვაში.

ტიტიევს შეუფარდეს პატიმრობა კოლონია-დასახლებაში. რუსეთში ამ ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში ათავსებენ პირებს, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობით, ან საქმე ეხება მსუბუქ, ან საშუალო სიმძიმის დანაშაულს.

განაჩენის გამოცხადებამ ცხრა საათზე მეტი გასტანა. შალის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, მას არ სჯერა ტიტიევის ჩვენების, რომ ორჯერ დააკავეს და მეორე დაკავება პოლიციის მიერ იყო ინსცენირებული.

უფლებადამცველის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

12 მარტს, სასამართლოს ბოლო სხდომაზე, ტიტიევმა განაცხადა: მესმის, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნებაო. უფლებადამცველმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და ბოდიში მოუხადა ახლობლებს მისი დაკავებით გამოწვეული უსიამოვნებისათვის. მან სასამართლო პროცესს უწოდა „სიგნალი ყველა სამართალდამცველი ორგანიზაციისათვის“.

შალიში განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩავიდნენ ტიტიევის მეგობრები და კოლეგები, ისევე როგორც დიპლომატები და ჟურნალისტები.

61 წლის ჩეჩენი აქტივისტი დააკავეს 2018 წლის იანვარში. გამოძიება აცხადებს, რომ მის მანქანაში მარიხუანა იპოვეს. ტიტიევი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მისი მხარდამჭერების აზრით, ჩეჩნეთის ლიდერები ცდილობენ, თავიდან მოიცილონ უფლებადამცველები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG