Accessibility links

site logo site logo

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მოსაპოვებლად 20 მარტს, დუბაიში მიემგზავრება


ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დუბაიში ხვალ, 20 მარტს გაემგზავრება. გამარჯვებული პედაგოგი კი 24 მარტს გამოვლინდება.

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა. ისე შემიყვარდნენ ათეულის სხვა წევრები, რომ როდესაც შევხვდები, ალბათ ცრემლებს ვერ შევიკავებ. მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს, რომ აუცილებლად გადადგან ნაბიჯი და ჩემს მსგავსად, მათაც შეავსონ აპლიკაცია და მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს და ეს უნდა დავანახოთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ათეულში მოხვედრა, ნამდვილად იქნება მათთვის სტიმული“, - ამბობს ლადო აფხაზავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

კონკურსის ორგანიზატორები გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სხვადასხვა ორიგინალურ ხერხს მიმართავენ:

"მაგალითად, გასულ წლებში, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ გამარჯვებული კოსმოსიდან გამოაცხადეს. ერთ-ერთი გამარჯვებული კი რომის პაპმა დაასახელა. რა ფორმით გამოაცხადებენ წლევანდელ გამარჯვებულს, ეს ჯერჯერობით სიურპრიზად რჩება", - ამბობს ლადო აფხაზავა.

დაჯილდოვების ცერემონიალს დუბაიში დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე.

დაჯილდოვების ცერემონიალამდე ლადო აფხაზავა მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასებს ჩაატარებს და პედაგოგებს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარ გამოცდილებას გააცნობს.

სოფელ ჩიბათის პედაგოგი „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დასახელდა.

ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდის სამეფოდან, ბრალიზიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG