Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტში Hyundai-ს ამწეები დამონტაჟდება


„თიბისი ბანკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის სამშენებლო პროცესი არც ერთი წამით არ შეჩერებულა და არც ერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა.

„გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას" - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ. მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო პროექტის დამფინანსებელ ბანკებთან.

მამუკა ხაზარაძე დღეს იმყოფებოდა სასტუმრო „თბილისი მარიოტში," სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და კორეულმა კომპანიამ, Hyundai Samo Heavy Industries -მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამწეების თაობაზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად გამოავლინა რამდენიმეთვიანი საერთაშორისო ტენდერით, რომლის ბოლო ეტაპზე 4 კომპანია მონაწილეობდა.

პორტისთვის გიგანტურ ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI-ი დაამონტაჟებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“-ზე 37-ჯერ მძიმე იქნება. პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დაკომპლექტდეს. საქართველოს პორტების ისტორიაში პირველად დამონტაჟდება თანამედროვე ტექნოლოგიების, ე.წ. STS ამწეები.

„ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, სცდება მარტო პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა Hyundai Samo Heavy Industries-სთან იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

XS
SM
MD
LG