ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული.“
ფრაქციამ პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილი ინტერპელაციის წესით ისარგებლა და ამ თემაზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში მიიწვია პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
„დღე არ გადის, რომ ლამის საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ხან ბანკის გაძარცვის შესახებ. აგერ, გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ქვეყანა სიღარიბის უკიდურეს ზღვარზეა, ამიტომ კრიმინალის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი.
„ერთი მხრივ, ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება, გაჩნდნენ საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომარეობა და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმიტომ, რომ სჭირდებათ სხვადასხვა, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენება, კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში“ - თქვა გოცირიძემ. მისივე თქმით, კრიმინალური გარჩევის მონაწილეები არიან თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები.
რომან გოცირიძის შეფასებითვე, როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლებაში გამეფებული კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალი.
რომან გოცირიძემ მოიყვანა ბოლო სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2018 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა თითქმის ყველა სახის დანაშაულის მაჩვენებელი. გოცირიძის განცხადებით, "დაგვიბრუნდა ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიც იყო შევარდნაძის დროს - ქურდობა, მანქანების გატეხვა, ბინების გაძარცვა."
„სტატისტიკა არის საშინელი. თურმე სტატისტიკით იმიტომ მატულობს კრიმინალი, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა გვაქვსო. ერთ წელიწადში ქურდობა 96 პროცენტითაა მომატებული. ამ ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა, 113 კაციდან თუ ორს ეს ერთ თვეში შეემთხვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რა მდგომარეობაში იქნებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი, როდესაც თქვენ გაცილებით დაცულად გრძნობთ თავს, ვიდრე უბრალო ადამიანები" - განაცხადა გოცირიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება ფაქტობრივად, ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, რადგან თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი, თვითონ უწყობს ხელს ბიზნესის მიმართ კრიმინალის ჩადენას და თვითონ არის ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების შემოქმედი."