Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ მიულერმა დაასრულა ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირების გამოძიება


რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი

დასრულდა გამოძიება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ გამოძიებას, გამოძიების მთავარი დასკვნების შესახებ თავისი საგანგებო ანგარიში გადასცა გენერალურ პროკურატურას.

აქამდე საგამოძიებო ჯგუფი მასმედიისგან და საზოგადოებისგან წარმატებით მალავდა გამოძიების მსვლელობას. მუშაობის განმავლობაში 200-ზე მეტი ბრალდება წაუყენეს 34 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 26 ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.

ბრალდებულთაგან ექვსი არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი: პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინი; საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი; საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, რიკ გეიტსი; ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, როჯერ სტოუნი.

შვიდმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ყველა ან მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულებების ნაწილში, ხუთი მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დონალდ ტრამპი თავდაპირველად გამოძიებას უწოდებდა „კუდიანებზე ნადირობას“ და ამტკიცებდა, რომ მის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის არავითარი თანამშრომლობა არ ყოფილა.

CNN-ი იტყობინება, რომ თეთრი სახლი ჯერ არ გაცნობია დოკუმენტს.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა შეატყობინა კანონმდებლებს, რომ ეცნობა ანგარიშს და თავის მოადგილესთან და მიულერთან კონსულტაციების შემდეგ დაადგენს, რომელი ინფორმაცია წარედგინება კონგრესს. მანამდე ბარმა მიანიშნა, რომ კონგრესმენებს და სენატორებს ამ ინფორმაციის მიღება უკვე უახლოეს დღეებში შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG