23 მარტს საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ეს მისი მესამე ვიზიტია საქართველოში.
საქართველოში სტუმრობის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა გააკეთა 23 იანვარს, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან საქართველოს ნატოს „უნიკალური პარტნიორი“ უწოდა.
„ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებასა და ნატოს ერთგულების დემონსტრირებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. ასევე, ის ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება ნატო-საქართველოს მასშტაბურ სწავლებას.
„ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ნატო-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ნატოს მაღალი დონის ვიზიტები და მათი ინტენსივობა ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
18-29 მარტს საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებას, რომელშიც მონაწილეობს 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ეს არის პირველი ერთობლივი, ბრიგადის დონის მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლებისას გამოცდიან ნატოს კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას - “Non Article 5.“
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში ჩატარდება. პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს გაიმართა და მასში 14 ქვეყანა მონაწილეობდა.
წლევანდელ სწავლებაში მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყანა: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო და შვედეთი.