ლონდონის ცენტრში ათასობით ადამიანმა გამართა მარში ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელების პეტიციაზე, რომელიც პარლამენტს ბრექსიტის გადადებას სთხოვს, ოთხი მილიონი ხელმოწერა მოგროვდა.
ლონდონის მერმა ტვიტერით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ის აღბეჭდილია დემონსტრანტებთან ერთად. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, უკანასკნელი სიტყვა ხალხს დაუტოვოს.
ახლახან ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, ბრექსიტი ორი შესაძლო სცენარით გადაიდოს - იმის მიხედვით, მოახდენს თუ არა დიდი ბრიტანეთის პარლამენტი კავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მიიღო პირობები, რომლებიც მას ბრიუსელის სამიტზე შესთავაზეს. მან თემთა პალატას მოუწოდა, ხმა მისცენ ევროკავშირთან შეთანხმებას და დაასრულონ „გაურკვევლობის“ პერიოდი.