Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრესა: მინისტრები ორშაბათს აპირებენ ტერეზა მეის გადადგომა მოითხოვონ


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის სულ მცირე 11 მინისტრი აპირებს ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადადგომის მოთხოვნას იმ ვითარების გამო, რაც შეიქმნა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Sunday Times-ი. გამოცემის თანახმად, მინისტრები აპირებენ, ნებაყოფლობით გადადგომა მოსთხოვონ მეის. პრემიერის თანამდებობაზე მის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ ასახელებენ დევიდ ლიდინგტონს, რომელიც ამჟამად მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელობს.

როგორც The Sunday Times-ი წერს, მეის ბრალს სდებენ როგორც უუნარობისთვის, დაარწმუნოს პარლამენტი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების მოწონების აუცილებლობაში, ასევე მის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული რიგი გამონათქვამებისთვისაც, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებმა და კომენტატორებმა კონფრონტაციულად აღიქვეს.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ სხვა ცნობილ კონსერვატორებსაც, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინსტრ ჯერემი ჰანტს და გარემოს დაცვის მინისტრ მაიკლ ჰოუვს.

თავად ლიდინგტონმა კვირას განაცხადა, რომ „არავითარი სურვილი არა აქვს“, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი და რომ არაა „შეთქმულებების მოწყობის“ დრო. მან და რიგმა სხვა მინისტრებმა სააგენტოებს განუცხადეს, რომ კაბინეტი ახლა იმაზეა კონცენტრირებული, რომ პარლამენტში მიაღწიოს ევროკავშირიდან გასვლის აქამდე ორჯერ უკუგდებული შეთანხმების მოწონებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG