Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: გრძელდება ერთობლივი მუშაობა ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად


იენს სტოლტენბერგის და მამუკა ბახტაძის პრესკონფერენცია თბილისში
იენს სტოლტენბერგის და მამუკა ბახტაძის პრესკონფერენცია თბილისში

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს უწოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორი, რომელსაც არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ნატოს სწრაფი რეაგირების ინიციატივებში.

თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. სტოლტენბერგის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობა გრძელდება.

ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველომ რეფორმების გზაზე წინსვლა განიცადა, თუმცა, აუცილებელია მათი გაგრძელება, მათ შორის თავდაცვის და სასამართლო სისტემაში, რათა ქვეყანას ჰქონდეს კიდევ უფრო ეფექტური და ძლიერი ინსტიტუციები.

სტოლტენბერგი მიესალმა საქართველოს მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას, რაც გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და უსაფრთხოების სისტემას.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ და რუსეთს მოუწოდა, გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებითვე, ალიანსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა გაძლიერდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG