ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის შეფარდებული სასჯელის ზომას მოსამართლე 27 მარტს გამოაცხადებს. სასჯელის დანიშვნის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 27 მარტის 12 საათზე გაიმართება. ბრალდების მხარე მალხაზ კობაურისთვის თავისუფლების უვადოდ აღკვეთას მოითხოვს.
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.
მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. ეს მუხლები 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.