სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, „საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები“.
ძირითად გამოწვევებს შორის სახელდება: „ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი“.
ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა, აღნიშნულია, რომ „2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“, ხოლო სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააწესა საგანგებო კონტროლი.
„დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე“, - წერია ანგარიშში.
ამასთან, რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს „ფარული ოპერაციების ჩასატარებლად“ იყენებდნენ.
„საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე“, - იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ანგარიშში მოცემული ინფორმაციის თანახმად, შარშან გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით.
„უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა“, - წერია სუსის ანგარიშში.
გამოიკვეთა ასევე „უცხო ქვეყნების მიერ საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე“. სუსის თანახმად, უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, „მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ“.