Accessibility links

site logo site logo

ბიძინა ივანიშვილი: ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოუძიებელი საქმე ქვეყნის სირცხვილია


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს განცხადებით გამოეხმაურა.

ივანიშვილი წერს, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს აღვიძებს და რომ ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი.

„როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი?“, - წერს ივანიშვილი.

ის შენიშნავს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც ქვეყნის დიდი სირცხვილია და რომ ეს საქმე დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

„როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს. სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ“, - წერს „ქართული ოცნების“ ლიდერი.

31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი უსრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG