Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო არასაკმარისადაა დაცული ნარკობიზნესით დაკავებული ორგანიზაციების წინაშე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნდა 2018 წლის ანგარიში ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მდებარეობის გამო ის არასაკმარისადაა დაცული ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც განაგრძობენ ოპიუმის, ჰეროინისა და ჰეროინის წარმოებისთვის საჭირო მთავარი ქიმიკატის, ძმარმჟავას ანჰიდრიდის კონტრაბანდას.

გარდა იმისა, რომ აქვს სატრანზიტო ფუნქცია, ანგარიშის თანხმად, საქართველო ნარკოტიკების მნიშვნელოვანი მომხმარებელი ქვეყანაცაა. განსაკუთრებით პოპულარულია სინთეტიკური და ე.წ. „კლუბური“ ნარკოტიკები.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, 2018 წლის აპრილში თბილისის ორ პოპულარულ ღამის კლუბში პოლიციის მიერ განხორციელებულ რეიდებს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლების ტალღა, რამაც ხელისუფლება აიძულა, შეერბილებინა ნარკოპოლიტიკა. 2018 წლის ივლისში საქართველოში მოხდა სამედიცინო მიზნებით კანაფის მოყვანისა და პროდუქციის ლეგალიზაცია და მისი პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. „არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები იმის შესაფასებლად, მოახდენს თუ არა ეს გავლენას სხვა აკრძალული ნარკოტიკის მოხმარებაზე, გაყიდვასა და ტრანზიტზე“, ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად,“ საქართველოში უკანონო შემოსავლების უდიდესი ნაწილი მოდის საბანკო თაღლითობაზე, კიბერდანაშაულზე და გაფლანგვაზე“. ჯერჯერობით იმის ნაკლები მტკიცებულება მოიპოვება, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების რეცხვა ოფიციალურ საფინანსო სისტემაში ხდება.

მიუხედავად ამისა, ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოს მდებარეობისა და ტრეფიკინგის დამკვიდრებული მარშრუტების გამო აქ აქტიურად ხდება ფულის გათეთრება.

განსაკუთრებული ყურადღება ეხება სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოს პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების პოვნას“. გამოთქმულია რეკომენდაცია, რომ საჭიროა ინფორმაციის უფრო მეტი გაცვლა და თანამშრომლობა შესაბამის ორგანოებს შორის, რათა სადაზვერვო ინფორმაცია და რესურსები ერთობლივად იქნეს გამოყენებული საფინანსო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველომ უფრო მეტად უნდა გააკონტროლოს თავის სათამაშო ინდუსტრიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG