ჩემი მიზანია დადგინდეს სიმართლე,- განაცხადა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
ანა ბაგრატიონი საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით.
შეკითხვის პასუხად, არის თუ არა მიზანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გასამართლება, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ უპასუხა, რომ ეს მისი მიზანი არ არის. მისი თქმით, სამხარეულის ექსპრეტიზის ბიუროს დასკვნა ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებდა და გარკვეულმა სიტუაციამ „ამოატივტივა“.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება საქმეზე, რომელიც შეეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან განხორცილებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს. ანა ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებით ძალადობა 2014 წლის 9 მაისს საგურამოში განხორციელდა, მათი შვილის, გიორგის თვალწინ. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი კი ორი დღის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთაა.
ადვოკატის განცხადებით საქმეში არსებობს სამხაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაციით, „2014 წლის 14 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანების და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს.“
რაც შეეხება გამოკითხვას, ანა ბაგრატიონ-გრუზინკის განცხადებით, მისი გამოკითხვა დღეს არ დასრულებულა და გაგრძელდება. თუმცა ზუსტი დრო უცნობია.