Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური უარყოფს პატიმრების ბრალდებას არაადამიანური მოპყრობის შესახებ


სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბათუმის #3 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც პატიმრები არასათანადო მოპყრობაზე ლაპარაკობენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ.

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს და ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მიუთითებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის უფლებების დარღვევას.

პენიტენციური სამსახური აქეთ სდებს ბრალს წერილის ავტორებს და განცხადებაში წერს, რომ პატიმრები უარს აცხადებენ დაწესებულების შინაგანაწესისადმი დამორჩილებაზე და გადაძახილების მეშვეობით იგივეს მოუწოდებენ სხვა მსჯავრდებულებსაც:

„მარსაგიშვილი გამოირჩევა განსაკუთრებით აგრესიული ქმედებებით, როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ასევე მედპერსონალის მიმართ. ზემოთჩამოთვლილი ქმედებების გამო მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი, რაც გამოიხატება სამარტოო საკანში მოთავსებაში, ასევე პაემნების, ან სატელეფონო საუბრების დროებით შეზღუდვაში“.

სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულების რისკს განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი. რისკის გადაფასება ხდება წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებას ჯგუფი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია დაწესებულებაში პატიმრის მიერ გამოვლენილი ქცევა. ამდენად, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს მათთვის რისკის დამძიმება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება საჩივარში მოყვანილ სხვა ფაქტებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. #3 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ (ე.წ. ურეხის დასახლება) მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება.

პენიტენციური სამსახური უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობის შესახებ და აცხადებს, რომ საკნების ვენტილაცია 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება:

„რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას,იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება“.

უწყების განცხადებით, სიცრუეა ისიც, თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეო-კამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა.

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ პირველ აპრილს სამმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენეს.

ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, პატიმრები ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

3 აპრილს გავრცელდა პატიმრების წერილი, სადაც ისინი წერენ ციხეში არსებულ მძიმე ვითარებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

წერილში დეტალურადაა აღწერილი თუ რა პირობებში უწევთ პატიმრებს ყოფნა. ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში სათვალთვალო კამერების არსებობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.

„ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე ყოველდღიურად, უკლებლივ მთელი დაწესებულების ყველა საცხოვრებელ საკანში გვითიშავენ წყალს ღამის 3 საათზე და გვირთავენ დილის 07:30 საათზე. წყლის გათიშვის პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ჩვენ ამ საათების მანძილზე ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის მოსპობასა და განადგურებას.

ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე დღემდე ჰაერის გამწოვი საშუალება მუდმივად ითიშება ღამის 3 საათზე და ირთვება დილის 07:30 საათზე.

ჩვენ მიმართ ხორციელდება მუდმივი გამოწვევა და აგრესია. ყველა გზით ცდილობენ, გამოგვიყვანონ მდგომარეობიდან და დაგვიმატონ სასჯელი. უკანონოდ გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებსა და პაემნებს ოჯახთან. ასევე უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში,“ - წერენ ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები.

XS
SM
MD
LG