Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: "მართლაც სახიფათოა" ისე ფიქრი, რომ ნატოში საქართველოს მიწვევა არის რუსეთის მიმართ "პროვოკაცია"


ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს "მართლაც სახიფათოდ" მიაჩნია იმის ფიქრი, რომ რუსეთის მიმართ "პროვოკაციაა" საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიწვევა.

ეს მოსაზრება მან გამოთქვა ვაშინგტონში 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა პასუხობდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტის შეკითხვას, რამდენად სწორია გამუდმებით საჯარო განცხადებების გაკეთება იმის შესახებ, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში იწვევენ, ხომ არ ძაბავს ეს რუსეთთან ურთიერთობას.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები არიან და აქვთ უფლება, თვითონვე აირჩიონ საკუთარი გზა.

„აღქმა, რომ რუსეთის მიმართ პროვოკაციაა, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანება სურთ, მართლაც სახიფათოა", აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი აზრით, ეს ნიშნავს მისაღებად ჩათვლას იმისა, რომ რუსეთს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რას გააკეთებენ მეზობლები და ეს იგივეა, რომ შეეგუო მსოფლიო წყობას, როცა დიდ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ პატარა ქვეყნები.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 აპრილს ვაშინგტონში განაცხადა აგრეთვე, რომ ნატო კიდევ უფრო გააქტიურდება შავი ზღვის რეგიონში.

ალიანსის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნით პრესკონფერენციაზე, სტოლტენერგმა თქვა, რომ 4 აპრილს, ნატოს მინისტერიალზე შეთანხმდნენ მთელ პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს მეტ სადაზვერვო ოპერაციას შავი ზღვის რეგიონისათვის -"რასაკვირველია, ჩვენს პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობით", განაცხადა სტოლტენბერგმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. ამ ორ ქვეყანას სტოლტენბერგმა „ახლო პარტნიორები“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG