საქართველოს საპატრიარქომ განცხადებით უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას "კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის" შექმნის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ისევე, როგორც "გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლება."
საპატრიარქო "გირჩის" მიერ დაარსებულ ამ ორგანიზაციას ფსევდორელიგიურს უწოდებს.
რაც შეეხება "კატაკომბურ ეკლესიას," საპატრიარქოს განცხადებით, გიორგი ანდრიაძემ განმარტა, რომ პირადად არ არის არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს "ბიბლიური თავისუფლების" და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელსაც არ აქვს კავშირი საქართველოს საპატრიარქოსთან.
"საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია "გირჩს," რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავს, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „გირჩის“ მიერ დაარსებული „ბიბლიური თავისუფლების“ საპირწონედ შეიქმნა მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. ანდრიაძის თქმით, მათ შესაძლებლობა ექნებათ აღარ მიმართონ „გირჩის“ მიერ დაარსებულ „სექტანტურ, ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციას.“
„გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წელს დაარეგისტრირა და მასში გაწევრიანებული 12 ათასზე მეტი ახალგაზრდა, კანონის შესაბამისად, გათავისუფლებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.