“ტექნიკური პრობლემა იყო", - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.
„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა: პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მარიამ ჯაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია.
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატები უნდა მიეღოთ მოსწავლეებს, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და ასევე, მათ, ვინც გამოცდაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს ატესტატის მოსაპოვებლად საჭირო შეფასება.
მთავრობა პარლამენტისგან ითხოვდა ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.