Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული მარში" პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების გრაფის აღდგენის ინიციატივით გამოდის


საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასა და საზღვარგარეთის პასპორტში ეროვნების გრაფისა და მამის სახელის აღდგენის მიზნით, „ქართული მარში“ მომავალ კვირაში პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას შეიტანს.

ამ ინიციატივით „ქართული მარში“ გასულ წლებშიც გამოდიოდა.

„ქართული მარშის“ წევრს, სანდრო ბრეგაძეს, არ დაუკონკრეტებია იმ დეპუტატთა ვინაობა, რომლებიც ამ ინიციატივას პარლამენტს წარუდგენენ, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საუბარი მიმდინარეობს პარლამენტის 3 წევრთან.

სანდრო ბრეგაძის, თქმით ინიციატივასთან დაკავშირებით წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში ისინი საზოგადოებრივი ზეწოლის ფორმას მიმართავენ.

„თუკი იქნება და ალბათ, იქნება ჯგუფები, რომლებიც ამის წინააღმდეგ წავლენ, ჩვენ საზოგადოებრივ ზეწოლას მოვახდენთ. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმები: მიტინგი, მანიფესტაცია. თუ დაგვჭირდება ამისთვის მზად ვართ“,- ამბობს სანდრო ბრეგაძე.

ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან 1998 წლის 14 ოქტომბერს მიღებული ცვლილებებით გაუქმდა.

სანდრო ბრეგაძე მემარჯვენე-ნაციონალისტური იდეოლოგიის პოლიტიკური მოძრაობის „ეროვნული ფრონტის“ შექმნასაც აანონსებს. მოძრაობაში „ქართულ მარშთან“ ერთად „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი“, „მოძრაობა ეროვნულები“, ომის ვეტერანთა სამხედრო ორგანიზაცია „ფარი“ და სხვა სახალხო მოძრაობები გაერთიანდებიან. მისივე თქმით, აღნიშნული მოძრაობა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

„ჩვენ ვთვლით, რომ ყოველგვარ აზრს არის მოკლებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მანამდე, სანამ არ შეიცვლება ეს დრაკონული კანონი, რომელიც დღეს არსებობს. პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკური პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ შუალედურ არჩევნებში, ანტურაჟს და ფონს უქმნიან ხელისუფლებას იმისათვის, რომ ხელისუფლების გამარჯვება ერთგვარად დააკანონონ“, - ამბობს სანდრო ბრეგაძე.

პოლიტიკური მოძრაობა ივნისამდე ჩამოყალიბდება. მოძრაობის ყრილობა ფილარმონიაში ან სპორტის სასახლეში გაიმართება.

„ქართული მარში“ ულტრანაციონალისტური სახალხო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2017 წელს დაარსდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG