Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, კორპუსში აფეთქების მიზეზებს სწავლობენ


დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ყაზტრანსგაზ თბილისის“ რამდენიმე თანამშრომელი და მე-5 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის ვაჟა სირაძის განცხადებით „დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს.

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო გამოინგრა კორპუსის მიშენების კედელი, შედეგად დაშავდა რვა ადამიანი. დაზიანდა კორპუსის ეზოში მდგარი რამდენიმე ავტომობილი. დაშავებულები საავადმყოფოებში არინ მოთავსებული. მათ შორისაა 7 თვის ბავშვი. იაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მძიმეა უშუალოდ იმ ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მცხოვრები 21 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის იაგო მათიკაშვილის განცხდაებით, მას სხეულის 35 %-ის თერმული დაზიანება აქვს მიღებული.

„ასევე აღენიშნება თერმოინჰალაციური ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. ამ მომენტისათვის ის იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაციული ჩარევა, სავარაუდოდ, შეიძლება, დასჭირდეს, მაგრამ ეს ხვალ გადაწყდება. ამ ეტაპზე რაიმე კრიტიკული ცვლილება მის მდგომარეობაში არ აღინიშნება. თუ მკურნალობის მიმდინარეობისას რამე გამოიხატა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. პაციენტი შოკიდან დაიწყებს გამოსვლას 24 საათის შემდეგ. შემოყვანისას ის გონზე იყო, ახლაც გონზეა და მეტყველებაც შენახულია“, – განაცხადა ექიმმა იაგო მათიკაშვილმა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, აფეთქებამდე კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი შეინიშნებოდა. ერთ-ერთმა მობინადრემ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ დარეკა კიდეც, თუმცა აფეთქება კომპანიის წარმომადგენლების მისვლამდე მოხდა.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადების თანახმად: „კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 საათზე. სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27 საათზე, ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი თბილისის“ წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 30 წუთის დაგვიანებით, სიცრუეა. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დიდუბის რაიონის გამგებლის ირინა ზავრადაშვილის განცხადებით, კორპუსის მობინადრეები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. მათ თავშესაფრით გამგეობა უზრუნველყოფს.

საცხოვრებელი კორპუსი დაცლილია და იქ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG