Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AFP: რუსეთმა დაბლოკა ლიბიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება


რუსეთმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება, რომელიც ლიბიის ე.წ. „ეროვნულ არმიას“ და მის მხარდამჭერ შეიარაღებულ ჯგუფებს მოუწოდებდა ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიზე იერიშის შეწყვეტას.

სააგენტო AFP დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე რუსეთმა მოითხოვა, რომ მოწოდება შეხებოდა ყველას და არა მხოლოდ გენერალ ხალიფა ჰაფტარის მიერ შექმნილ „ეროვნულ არმიას.“ სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებული განცხადების მომხრეებმა მოსკოვის წინადადება არ გაითვალისწინეს, რის გამოც რუსეთმა ვეტოს უფლებით ისარგებლა.

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ყოფილი თანამოაზრის ხალიფა ჰაფტარის მიერ შექმნილი „ეროვნული არმია“ ტრიპოლის 4 აპრილიდან უტევს. 7 აპრილს კონტრშეტევა დაიწყო ეროვნული თანხმობის მთავრობამ, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს ლიბიის კანონიერ ხელისუფლებად.

ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 აპრილს, შეტაკებებისას ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში დაიღუპა 11 ადამიანი და 23 დაიჭრა.

გენერალი ჰაფტარი 1969 წელს მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალებაში, რომლის შედეგად ლიბიაში მონარქია დაემხო და ხელისუფლებაში მუამარ კადაფი მოვიდა. მისი მმართველობის დროს ჰაფტარი არმიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და 1987 წელს მონაწილეობდა ჩადთან ომში, რომლის დროსაც ტყვედ აიყვანეს. კადაფიმ ჰაფტარს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც გენერალმა ის მტრად გამოაცხადა.

1990 წელს, ჩადში გადატრიალების შემდეგ, გენერალი ჰაფტარი გაათავისუფლეს და გადაიყვანეს აშშ-ში, სადაც მან მოქალაქეობა მიიღო და შეუერთდა კადაფის ოპოზიციას. ხალიფა ჰაფტარი ლიბიაში დაბრუნდა 2011 წელს, როცა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად მუამარ კადაფი ჯერ დაამხეს, შემდეგ კი მოკლეს. ლიბიაში შეიქმნა გარდამავალი ეროვნული საბჭო, რომელმაც მოგვიანებით ძალაუფლება პარლამენტს გადასცა.

გენერალმა ჰაფტარმა დააფუძნა ანტიისლამური მოძრაობა, რომელმაც 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ისლამისტების ოპოზიციამ არჩევნების შედეგი არ აღიარა, რასაც შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა.

კონფლიქტის მოგვარება გაერომ სცადა და 2016 წელს ტრიპოლიში შეიქმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, რომელიც ლიბიის მთელ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს. ლიბიის კანონიერ, დევნილ ხელისუფლებად თავს მიიჩნევს პარლამენტი, რომელიც 2014 წლის შემდეგ იმყოფება ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ტორბუკში. იქ არსებული პოლიტიკური სტრუქტურები და გენერალი ჰაფტარი სარაჯის მთავრობას არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG