Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა გვენეტაძე: საბანკო რეგულაციები გადაიხედება საჭიროების შემთხვევაში


აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებებსაც განვახორციელებთ, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 8 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, ახალი საბანკო რეგულაციების დანერგვის შემდეგ არ გასულა საკმარისი დრო შედეგების შესაფასებლად და საერთო სურათის აღსაქმელად.

„დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ რისკების მიტიგაციას და კრიზისის პრევენციას.

ამავე დროს, მსურს, საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან შედეგებზე და არა მოკლევადიან ეფექტებზე.

ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სურათის დასანახად მონაცემების შეფასება და ანალიზი გვჭირდება, რის შემდეგაც, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში 8 აპრილს გაგრძელდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენის პროცედურა, რომელიც 5 აპრილს დაიწყო.

ერთ-ერთ ძირითად განსახილველ საკითხს დაკრედიტების ახალი, შეზღუდული რეგულაციები წარმოადგენდა. ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეეზღუდა წვდომა სხვადასხვა სახის სესხსა და განვადების მექანიზმზე.

შექმნილი სიტუაცია მწვავედ გააკრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც რეგულაციების სასწრაფოდ გადახედვას ითხოვს.

XS
SM
MD
LG