დღეს თბილისში გაიხსნა საერთაშორისო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომელშიც 14 ქვეყნის და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ფორუმის მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა რამდენიმე მიზეზით, მათ შორის თამბაქოს კონტროლის კანონის გამკაცრების, თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის გაძლიერების, სპეციალური სტრატეგიის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გამო.
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ კაბო ვერდეს, კამბოჯის, ჩადის, კოლუმბიის, ეგვიპტის, ელ სალვადორის, იორდანიის, მადაგასკარის, მიანმარის, ნეპალის, სამოას, სიერა ლეონეს, შრი-ლანკის და ზამბიის პარლამენტების წევრები.
ეს ქვეყნები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის პროექტის „FCTC 2030”-ის პარტნიორები არიან. კონვენცია ჯანდაცვის სფეროში ერთადერთი საერთაშორისო ნორმატიული აქტია, რომელიც 181 ხელმომწერ ქვეყანას ავალდებულებს, თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან დაიცვან ყველა მოქალაქე.
საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.