Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმთა სამმართველო ბათუმში აღმოჩენილი სამარხის გამო საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოს ხელისუფლებას სამი ძირითადი თხოვნით მიმართავს. თხოვნის საფუძველია რამდენიმე დღის წინ, ბათუმში გახსნილი სამარხი, სადაც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.

სრულიად საქართველოს მუფტმა, ბეგლარ ქამაშიძემ თბილისში, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა ნეშტს უნდა ჩაუტარდეს დნმ-ის ანალიზი, თუ ამ გზით ვინაობის დადგენა შეუძლებელი იქნება ძვლები დაკრძალონ ნეიტრალურ სასაფლაოზე და დაკრძალვა არ დაემთხვეს არანაირ რელიგიურ დღესასწაულს.

„ჩვენ ინფორმირებულებიც კი არ ვიყავით და არაფერი ვიცოდით, თუ ბათუმში მსგავსი სამარხი არსებობდა. მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც სამარხი გაითხარა. ეს ადასტურებს, თუ როგორია კომუნიკაცია და ჩართულობა. თუმცა, ფაქტის შემდეგ, ყველა პროცესში ჩართული ვართ. თავად მუსლიმი მრევლი იყო ჩვენთან მოსული და სურთ ყველა საკითხში ჩავერთოთ. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა მათგანი ამ ინფორმაციის მიღებით“ - თქვა ბეგლარ ქამაშიძემ. მუფტის თქმით, არაერთ ადამიანს აქვს ეჭვი, რომ სამარხში შესაძლოა, მისი ნათესავი იყოს და ყველას სურს ვინაობის დადგენა.

„სახელობით სიაში ბევრი სულიერი წინამძღვარია მუსლიმებიდან. როგორც იცით, კომუნისტებს არ ჰქონდათ მიდგომა, რომ როდესაც დახვრეტდნენ, ნეშტები ცალ-ცალკე დაემარხათ. შესაბამისად, ყველა ერთ სამარხშია. თუ გართულდა ვინაობის დადგენა და დნმ-ს ანალიზის ჩატარება, კარგი იქნება, მოხდეს ნეიტრალურ სასაფლაოზე დაკრძალვა“ - თქვა ბეგლარ ქამაშიძემ. მისი ინფორმაციით, მუსლიმთა სამმართველო მზად არის თავისი წილი გაიღოს დნმ-ის ანალიზის ჩასატარებლად, რომელიც დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება.

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი. ეპარქიის ინფორმაციით, ნეშტებს 21 აპრილს, პატივისცემით დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG