Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნის ფესტივალს წელს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გახსნის


30 მაისს, თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალს, მის ისტორიაში პირველად, მსოფლიო საგამომცემლო სივრცის უმაღლესი რანგის პირი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჰიუგო ზეტცერი გახსნის.

თბილისს ჰიუგო ზეტცერთან ერთად ეწვევა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ხოსე ბორგინო - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვილმარ დიპგრონდი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე, ჯაუმე ვიცენსი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე.

დაგეგმილია ერთდღიანი კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება ქართული თუ მსოფლიო საგამომცემლო სფეროს ყველაზე აქტუალური საკითხები: სიტყვის და გამოცემის თავისუფლება, საავტორო უფლებები, სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც 1896 წელს პარიზში დაფუძნდა და რომლის სათაო ოფისი ამჟამად ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ლობირებს და იცავს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კერძო პირების უფლებებს და 70 ქვეყნის 80-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG