Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა


ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველ დღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა - ამ ტერმინის ყველა განზომილებით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მისი სიტყვებით, მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა.

„საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები დგას და ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაკავების და ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების ფაქტზეც ისაუბრა:

„საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე“, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის და მოუწოდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისაკენ.

რუსეთზე საუბრისას კი მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს ყველა ძალისხმევა და ეთნიკური დისკრიმინაციის გზით შეცადოს წაშალოს ქართული იდენტობა:

„მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ!“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში გამოსვლა ყველა იმ ადამიანს მიუძღვნა, ვინც, მისი სიტყვებით, სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას.

ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან კი 20 წელი გავიდა.

XS
SM
MD
LG