Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს


ნაგავსაყრელის მშენებლობის შეთანხმებას ხელი ბათუმში მოეწერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა აშენდეს ახალი ნაგავსაყრელი.

შეთანხმებას დღეს ბათუმში მოაწერეს ხელი აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ და ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანიამ, „გოქსინ ინსაათმა.“

მშენებლობა მაისიდან უნდა დაიწყოს და 18 თვეში დასრულდეს.

ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი ხალვაში აცხადებს, რომ ნაგავსაყრელი ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით აშენდება, ექსპლუატაციისთვისაც თანამედროვე სტანდარტების დანადგარებს შეიძენენ და ობიექტი გარემოს ზიანს არ მიაყენებს.

ამასთან, ეტაპობრივად დაიხურება ბათუმში არსებული ერთი და ქობულეთში არსებული ორი ნაგავსაყრელი.

პროექტის თანახმად, ცეცხლაურში ნაგავსაყრელი აშენდება დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის და ზღვის სანაპიროდან 7 კილომეტრის დაშორებით და იქ შესაძლებელი იქნება 75 000 ტონა ნარჩენის გადამუშავება.

ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი იქნება საქართველოში პირველი, თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელი, რომლის მშენებლობის პროცესში ჩართულია საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციები.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ევროა. ამ თანხიდან 3 მილიონი ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის იაფი სესხია, ხოლო 4 მილიონი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტი.

ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ობიექტის სანაცვლოდ დათმობილი მიწის ნაკვეთებისთვის მიღებული კომპენსაციითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG