Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია ჯინჯიხაძე: ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე დარტყმა იქნება


"დღეს რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სარედქციო დამოუკიდებლობა აქვს, ეს ფაქტია", - უთხრა რადიო თავისუფლებას ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მედიის პროგრამის მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ.

„ამ ფაქტს ხედავს მაუწყებლის კოლექტივიც და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებელიც, ისიც ფაქტია, რომ ეს თავისუფლება აჭარის ტელევიზიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისი დირექტორი გახდა ნათია კაპანაძე. ეს მან, ცხადია, მოახერხა გუნდთან ერთად, იმ თავისუფალ გარემოში, რომელიც მოიტანა მისმა მისვლამ ამ პოსტზე“.

ხატია ჯინჯიხაძის აზრით, რაც უნდა იყოს იმპიჩმენტის მოთხოვნის ავტორთა მოტივაცია, ეს აუცილებალდ იქნება დარტყმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

მედიის პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ თუ საბჭოს ორ წევრს, ვისი იდეაც არის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი, არ ექნებათ საფუძვლიანი არგუმენტები და მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდება, მათ დახვდებათ მყარი პოზიცია როგორც დირექტორის, ისე დამკვირვებელი საზოგადოების მხრიდან.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხატია ჯინჯიხაძე ასევე შენიშნავს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი ვერ იქნება ადვილად მისაღები გადაწყვეტილება.ამ პროცესში ჩაერთვება საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივარი, რომელიც ძალიან სერიოზულ არგუმენტებს მოითხოვს იმპიჩმენტის გასამართლებლად.

„რაც შეეხება ამ მოთხოვნის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივს და ა.შ. ესეც გამოჩნდება. თუმცა არ გამოვრიცხავ, არსებობდეს სურვილი, რომ გავლენის ქვეშ მოექცეს პარტიული გავლენისგან დაცლილი მაუწყებელი. ამას პროცესში დავინახავთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭოს დანარჩენი წევრების პოზიციაც. არ მგონია, რომ ყველას ჰქონდეს ერთგვაროვანი შეფასებები“.

ხატია ჯინჯიხაძის აზრით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი არსებობს იმისთვის, რომ იფიქროს იმაზე,თუ როგორ წავიდეს წინ მაუწყებელი და არა დირექტორის გადაყენებაზე, რომელსაც ისედაც ეწურება ვადა რამდენიმე თვეში.

„იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება“, - ასე გამოეხმურა აჭარის ტელევიზია მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივას.

თავად ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა. გაგრძელებასაც მსგავსი სტანდარტით გეგმავენ.

ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივიმაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა უკვეაღიარებულია საერთაშორისო კვლევებით“, - თქვა ნათია კაპანაძემ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეულმა ირაკლი დარცმელიძემ და „ქართული ოცნების“ კვორით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა.

თუ ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი მათგანი ხმას მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს. მრჩეველთა საბჭოს განცხადების განხილვა შეუძლია შემდგომი 10 დღის ვადაში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG